2014 წელს სახელმწიფო ვალის გასულ წლებთან შედარებით უპრეცედენტო ზრდა საზოგადოების გარკვული ნაწილისთვის აქტუალურ თემას წარმოადგენს.     სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. საგარეო ვალი მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალს მოიცავს, ხოლო საშინაო კი სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს.

სახელმწიფო ვალის მდგრადობის  ყველაზე კარგი განმსაზღვრელი ინდიკატორი მისი ნომინალურ მშპ-თან პროცენტული თანაფარდობაა. 2008 წლიდან მოყოლებული ქვეყანა გეგმით გათვალისწინებულ ვალებს მეტწილად დროულად იხდიდა. რაც შეეხება 2014 და მომდევნო წლებს ქვეყნის გადახდისუნარიანობა აღებული თანხების რაციონალურ ხარჯვაზე იქნება დამოკიდებული. თუ ვალები  ისე იქნება გამოყენებული, რომ შემდეგ ის ქვეყანას დიდ უკუგებას მოუტანს, მაშინ ეს როგორც ქვეყნის გადახდისუნარიანობის, ასევე განვითარების მაღალ ტემპზე გადასვლასაც  შეუწყობს ხელს.

2011 წელს აღებული ვალის ოდენობა 2010 წელთან შედარებით თითქმის ნახევრდება და ის 712 მლნ. ლარით იკლებს. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ოდენობა 2.2-ჯერ იზრდება და 1,636 მლნ ლარს აღწევს. საგარეო ვალიდან მიღებულ სახსრები ძირითადად კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება. 

2014 წელს სახელმწიფოს საგარეო ვალის (წმინდა) ზრდა 1,036 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, საიდანაც ძირითადი თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება; მაგ. როგორიცაა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (აზიის განვითარების ბანკი)-65 მლნ ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი–ქუთაისი–სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო)-89 მლნ ლარი და ა.შ. რაც შეეხება შიდა ვალებს, შიდა ვალის აღებიდან მიღებული სახსრები, ძირითადად,  ბიუჯეტის დასაფინანსებლად გამოიყენება ხოლმე.


გაეცანით კვლევას სრულად მიმაგრებულ ფაილში.
"საზოგადეობა და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევის სანახავად გადადით ამ ბმულზე