რესტრუქტურიზაცია ბანკის მომხმარებლის სესხის მომსახურების (მომსახურება გულისხმობს ვალის როგორც ძირი თანხის ასევე პროცენტის დაფარვასაც) პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს. საქართველოში რესტრუქტურიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა, კლიენტის ყველა ვალდებულების გაერთიანება და  მისი უფრო მეტ ვადაში გადანაწილებაა. თუმცა რესტრუქტურიზაცია არსებული სესხის მომსახურების პირობების ნებისმიერ სახეცვლილებას შეგვიძლია დავარქვათ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რესტრუქტურიზაცია თითოეული ბანკის კეთილი ნებაა და მას  უფლება აქვს გაუკეთოს ან არ გაუკეთოს რესტრუქტურიზაცია ამა თუ იმ მომხმარებელს, თუმცა როგორც ნებისმიერ სხვა საბანკო პროდუქტს, რესტრუქტურიზაციასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ამ თემით დაინტერესდა და  საქართველოში 5 ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკის რესტრუქტურიზაციის პირობები გადაამოწმა.
ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ბანკების უმრავლესობას რესტრუქტურიზებული სესხის გაცემის საკომისიო აქვს. გამოდის რომ, მომხმარებელს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკომისიოს ხარჯზე დამატებით ეზრდება. ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა იზრდება ასევე სესხის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაშიც. ამას ემატება გაზრდილი საპროცენტო განაკვეთიც, რომლის ფორმირების ზუსტი მეთოდი და პრინციპი ხშირად გაურკვეველია. თუმცა რესტრუქტურიზაციის შედეგად მომხმარებელი მაინც შედარებით იუმჯობესებს მდგომარეობას, რადგან მისი ყოველთვიური გადასახადი მცირდება და არ ემუქრება უძრავი ქონების ან სხვა უზრუნველყოფის რეალიზაცია. ასევე რამდენიმე საკრედიტო პროდუქტის გადახდის ნაცვლად, იხდის ერთ სესხს. რესტრუქტურიზაციის გზით მომხმარებელი იუმჯობესებს საკრედიტო ისტორიასაც. 

გაეცანით კვლევის შედეგებს მიმაგრებულ ფაილში.

"საზოგადეობა და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევის სანახავად გადადით ამ ბმულზე