ეკონომიკურმა კრიზისმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორსაც შეუქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მცირედით გაზრდილია ბანკების მთლიანი აქტივები, შემცირებულია დეპოზიტების რაოდენობა, შემცირებულია სასესხო პორტფელი. ბევრი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტაბილურობას 1 ივლისის მდგომარეობით გაუარესებულია. თუ წინა წლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ როგორც დეპოზიტების ასევე წმინდა აქტივების მოცულობა წლიდან წლამდე მზარდი ტრენდით ხასიათდებოდა, საყურადღებოა ასევე საკრედიტო პორტფელი, რომელიც  ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ინდიკატორების ზრდის ტემპი შენელებულია და ზოგ შემთხვევაში საერთოდ კლება შეინიშნება, რაც საბანკო სისტემის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. სიტუაციის გაუარესება მრავალ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი სავალუტო კრიზისია. თუ წინა თვეებში მიუხედავად სავალუტო კრიზისისა ეს ინდიკატორები იზრდებოდა, საშუალო ვადიან პერიოდში ლარის გაუფასურებამ მაინც მოახდინა ზეგავლენა ეკონომიკურ მდგომარეობაზე.  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო სექტორი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული და სტაბილური ინდუსტრიაა, რომელმაც საკმაოდ ძლიერ კრიზისებს გაუძლო და შესაბამისად მიმდინარე ეტაპზე დაფიქსირებული პრობლემები საბანკო სექტორის სტაბილურობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს. 

საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში . 
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.