გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ტიპის სესხებია დღეს ძირითადად საფინანსო ბაზარზე.

დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტით. ეს არის სამომხმარებლო სესხი. სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ხშირად სახელფასო სესხსაც ეძახიან ინდივიდუალური მოთხოვნილებების და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. ამ ტიპის სესხით თქვენ შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა, მოგზაურობის ან სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სამომხმარებლო სესხი, მაქსიმუმ 4 წლის ვადით გაიცემა. საპროცენტო განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია  სესხის ვადაზე, მოცულობაზე და თქვენს შემოსავალზე. სამომხმარებლო სესხის მოცულობის ზედა ზღვარი ყველა ბანკის შემთხვევაში ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სესხის მოცულობის და ვადის მიხედვით ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, თუმცა როგორც წესი, სამომხმარებლო სესხი არაუზრუნველყოფილია, ანუ ბანკში არაფერს არ დებთ, კარგად წაკითხვის შემდეგ  ხელშეკრულებაზე თქვენი ხელმოწერის გარდა.

სამომხმარებლოს ტიპის სესხია განვადებაც, რომელსაც მომხმარებელი იღებს ბანკიდან მაღაზიაში ან სავაჭრო ობიექტში კონკრეტული ნივთის შესაძენად. როგორც წესი, განვადების გაფორმება შესაძლებელია მომენტალურად, უშუალოდ ადგილზე, ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე. აქ ცოტას ე.წ. 0%-იან განვადებაზეც გეტყვით: მომხმარებლების გარკვეული ნაწილის აზრით უპროცენტო განვადების შემთხვევაში, ისინი შეძენილ პროდუქციაში მხოლოდ სავაჭრო ქსელის საწყის ფასს იხდიან. თუმცა პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს საკომისიოს და ასევე, ფასნამატის გადახდა უწევს. ეს ხარჯები კი პროდუქციის საწყის ფასს გარკვეული ოდენობით აძვირებს. შეგიმჩნევიათ ალბათ, მაგალითად ტექნიკის მაღაზიებში 2 ფასი რომ აწერია, ნაღდი ანგარიშსწორებით უფრო იაფი ღირს და განვადებით კი ცოტა უფრო  ძვირი.

თუ უძრავი ქონების შეძენას ან რემონტს აპირებთ, იპოთეკური სესხი უნდა აიღოთ. ეს არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ - ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი. ის აუცილებლად მხოლოდ კონკრეტული მიზნობრიობით გაიცემა - შეძენა ან რემონტი. სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ ისე უცხოურ ვალუტაში, მაქსიმალური ვადა კი 15 წელია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სესხის მოქმედების პერიოდში თქვენ მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს,  უზრუნველყოფაში არსებულ უძრავი ქონების მესაკუთრე გახდეს.

ახლა ცოტას საკრედიტო ბარათზეც მოგიყვებით. საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის - პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტში, ან ინტერნეტ მაღაზიაში საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება, ასევე ბანკომატის მეშვეობით გაანაღდოს თანხა. საკრედიტო ლიმიტი, ანუ სესხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ინდივიდუალურია, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით განისაზღვრება. მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროს და ნებისმიერი პერიოდულობით. შესაბამისად, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი. უმეტეს საკრედიტო ბარათზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის ბოლოს დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი. გასათვალისწინებელია, რომ ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო, საკმაოდ მაღალია, ამიტომ ჩემი მთავარი რჩევაა, არ გამოიტანოთ საკრედიტო ბარათიდან ფული ბანკომატის მეშვეობით. თანხის ათვისება სავაჭრო ობიექტებში ე.წ. პოსტერმინალის მეშვეობით სჯობს, სადაც საკომისიო 0%-ია.

თუ გვსურს ახალი, ან მეორადი ავტომობილის შეძენა და გვაქვს შესაბამისი შემოსავალი, შეგვიძლია ვისარგებლოთ კონკრეტული მიზნობრივი სესხით. ავტოსესხი გაიცემა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში. ზოგადად, კრედიტის უზრუნველყოფა შეძენილი ავტომობილია და სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ბანკის გირავნობა რჩება. სესხის ვადა თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუმცა, მაქსიმალური ვადა, რასაც ბანკები გვთავაზობენ 120 თვეა.

და ბოლოს, ბიზნეს სესხი. ბიზნეს სესხს განვითარების მიზნით იღებს სხვადასხვა კომპანია. მისი დანიშნულება შეიძლება  იყოს, მაგალითად, საბრუნავი საშუალებების დაფინანსება ან ძირითადი საშუალებების შეძენა/განახლება. როგორც წესი, საბრუნავი საშუალებებისთვის მიზანშეწონილია მოკლევადიანი, ხოლო ძირითადი საშუალებების შეძენა/განახლებისთვის შედარებით გრძელვადიანი სესხის აღება.

სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ ვაპირებთ ნასესხები თანხის გამოყენებას და შემდეგ მის დაბრუნებას. სესხის დანიშნულება ძირითადად განსაზღვრავს მისი აღების  პირობებს, სესხის ვადისა და პროცენტის დიაპაზონს, სესხის ასაღებად საჭირო უზრუნველყოფას, გადახდის გრაფიკს და ა.შ.

აუდიო ვერსიის მოსასმენად მიჰყევით ბმულს:

https://www.facebook.com/SocietyAndBanks/videos/1043902216140930/