გამარჯობა, მე ვარ გიორგი კეპულაძე და დღეს ბანკებში დისტანციურ გადახდებზე და მომსახურებაზე გესაუბრებით.

სულ უფრო ცოტა რჩება ისეთი ადგილი, სადაც საბანკო ბარათით თანხას ვერ გადავიხდით. უნაღდო ანგარიშსწორება, ბოლო დროს, ინტენსიურად ინერგება ჩვენს რეალობაში. ამ მხრივ, საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა საბანკო სფეროს მოდერნიზების კუთხით.

უნაღდო ანგარიშსწორებას მრავალი უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად აღსანიშნავია მისი მოხერხებულობა და მოქნილობა. თქვენ არ გიწევთ ნაღდი ფულით სიარული და არც ხურდის დაბრუნებაზე ფიქრი. უფრო მეტიც, შეგიძლიათ პლასტიკურ ბარათზეც უარი თქვათ და მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონი იქონიოთ თან, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეგისრულებთ იგივე ფუნქციებს.

ვინაიდან ნაღდ ფულს აღარ ატარებთ, ნაკლებადაა მოსალოდნელი რომ ვინმემ ის ჯიბიდან ამოგაცალოთ ან დაკარგოთ. პლასტიკური ბარათის დაკარგვა ფულის დაკარგვას არ ნიშნავს. შეგიძლიათ დაბლოკოთ ძველი ბარათი და მიმდინარე ანგარიშზე თანხა ისევ იქნება. ეს უნაღდო ანგარიშსწორების კიდევ ერთ სიკეთეა, უსაფრთხოება. პლასტიკური ბარათით თქვენი შემოსავლები ბევრად უფრო დაცულია.

უნაღდო ანგარიშსწორებისას აგრეთვე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ თქვენს ხარჯებს და უფრო ეფექტურად მართოთ საკუთარი ფინანსები.

უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებისას, ხშირია ე.წ. ქეშბექ აქციები, რისი მეშვეობითაც დახარჯული თანხის ნაწილს თქვენ უკან იბრუნებთ და შედეგად ნაკლებ ფასად იღებთ სასურველ პროდუქტს. ძალიან მოსახერხებელია პლასტიკური ბარათები, თუკი საზღვარგარეთ აპირებთ მოგზაურობას, ვინაიდან აღარ გიწევთ ვალუტების გადაცვლა და ადგილობრივი ვალუტის მოძიება.

თუმცა, ჩამოთვლილ სიკეთეებთან ერთად არსებობს რისკებიც, რა თქმა უნდა. პირველ რიგში, ეს შეეხება თაღლითურ სქემებს და კიბერდანაშაულებს, როცა თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენი ნებართვის და სურვილის გარეშე იყენებენ თქვენივე ფულადი სახსრების მისათვისებლად.

ზოგი ადამიანისთვის პრობლემას წარმოადგენს, აგრეთვე უნაღდო ანგარიშსწორებების წარმოებისას ხარჯების კონტროლი. ვინაიდან, ფული უშუალოდ მათი ხელიდან არ გადის, ასეთ დროს მათი დანახარჯები ბევრად უფრო გულუხვია.

საბოლოოდ, სიკეთეები რომელთაც უნაღდო ანგარიშსწორება გვთავაზობს, ბევრად აღემატება პოტენციურ რისკებს, რომელთა თავიდან არიდება მარტივად შეგეძლებათ ბარათის დაზღვევით თუ სხვა სათანადო უსაფრთხოების ზომების მიღებით.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=SO5aWQUYLmU