გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს საბანკო სექტორზე გესაუბრებით.

დაახლოებით 30 წლის წინ, საქართველოში ბანკის დასაფუძნებლად 500 დოლარი იყო საკმარისი, შესაბამისად ბანკების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდებოდა. მაგალითად, 1991 წელს იყო 5 ბანკი; 1993-ში – 183; 1994-ში კი უკვე – 229 ბანკი.

საბანკო საქმიანობის რეგულირების ახალი წესები და პროცედურები 1995 წლიდან განახლდა. ამის შედეგად, მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს საქართველოში 14 კომერციული ბანკია.

მოდით განვიხილოთ, რა მოდელით მუშაობს კომერციული ბანკი. მარტივად, ბანკი არის შუამავალი იმ ადამიანებს შორის ვისაც სურთ ფულის სესხება ან დაზოგვა. ის იღებს ანაბრებს მოსახლეობისგან, უხდის მათ ამისთვის სარგებელს და მოზიდული ფულით გასცემს სესხებს, რითიც თავადაც იღებს მოგებას. მნიშვნელოვანია, თუ როგორია სხვაობა ანაბრისა და სესხის საპროცენტო განაკვეთებს შორის. უკვე წლებია გამოიკვეთა ტენდენცია, როცა ეს სხვაობა მცირდება და ეს კარგია.

ბანკებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ეკონომიკური განვითარების პროცესში, ბიზნესის დაკრედიტების კუთხით. მათი საშუალებით მოძრაობს ფული ადამიანებსა და ბიზნესს შორის. დღეს ქართული საბანკო სექტორი მკაცრად რეგულირებული და წარმატებულია. ის არის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი დამკრედიტებელი და ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი შემომტანი. 2 ქართული ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

კვლავ მტკივნეულ თემად რჩება საპროცენტო განაკვეთები. მისი სიდიდე პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად გაიზრდება ეკონომიკა, მით უფრო შემცირდება პროცენტი სესხებზე. ბოლო 15 წელია საპროცენტო განაკვეთები მცირდებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ის კიდევ უფრო შემცირდეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობა კომერციული ბანკების მიმართ. რაც გამოიხატება ინვესტორების ნდობით და იმ ინვესტიციებით, რასაც ისინი საბანკო სექტორში დებენ. ეს ხელს უწყობს სანდოობის ზრდას ბანკების მიმართ.

კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებელია მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი. ამ მიმართულებით 2011 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა ფინანსური განათლების დაბალი დონე პრობლემის აღმოფხვრას ხელს უშლის. მდგომარეობა თანდათან კიდევ უფრო უმჯობესდება და იმედია მალე მომხმარებლების უფლებების დაცვის პრობლემა ბოლომდე გადაიჭრება.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=uM9X6JLSdpQ